უსაზღვროდ გულთბილს, შეუდარებლად თავმდაბალს, ქალბატონ რუსუდან კვირკველიას
მასწავლებლობა _ მძიმე ტვირთია, უმძიმესიც კი... განსაკუთრებით ახლა. იყო დრო, როცა ამ პროფესიის ადამიანს უდიდეს პატივს სცემდნენ. დღეს გაცილებით მეტს ითხოვენ მისგან, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლიერთა რიცხვი კი, რატომღაც, როგორც არასდროს, ნაკლებია. თუმცა, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომელნიც უანგაროდ ემსახურებიან თაობათა აღზრდის საქმეს. არც გასაკვირია. მასწავლებლობა ხომ მოწოდებაა, სურვილია, სიყვარულია და ამიტომ ჭეშმარიტი მასწავლებელი თავისი საქმის სიყვარულით, ალბათ, ვერც გრძნობს ტვირთის სიმძიმეს და კაცთაგან არ ელოდება სამადლობელს.
ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ქალბატონი რუსუდან კვირკველია. მას სკოლაში საპასუხისმგებლო თანამდებობა აქვს, მაგრამ, ალბათ, მთავარი მასწავლებლობაა. მისთვის სკოლა და ბავშვი ყველაფერია.
რაფინირებულს, ერთგულს, უსაზღვროდ გულთბილს, შეუდარებლად თავმდაბალს საღამომდე სკოლაში მოფუსფუსეს ვხედავთ.
რუდუნებით დაჰკანკალებს თითოეულ მოსწავლეს, კოლეგას, შენობას, ეზოსა და ნარგავებს.
ლოცულობს ერისთვის, ბერისთვის. შეიგვიანებს წასვლას, დილით კი ისევ სკოლისკენ მოიჩქარის.
შრომობს და ფიქრობს, ფიქრობს და იდეებით დატვირთული ცდილობს, ყველას გადასდოს მუდამ სიახლეების ძიების წყურვილი. აკი ის, რაც წლების წინ გაუაზრებია, დღეს ბევრისთვის საჭირო ნაკვალევად ქცეულა.
მასწავლებლის დღეს ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს. ღვთის შემწეობას, წელთა სიმრავლეს, საყვარელი საქმის დიდხანს სამსახურს ვუსურვებთ.
ეხაროს ნაყოფს, გაემარჯვოს თქვენს ყოველ კეთილ წამოწყებას!