სიახლეები
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის 200 წლის იუბილე
- Details
- Category: სიახლეები
- Published on Sunday, 14 December 2025 18:58
- Written by gia
- Hits: 115
2025 წელს ქალაქ ოზურგეთში აღინიშნა საქართველოს ეკლესიის მნათობის, დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი. ჩვენი სკოლა წმ. გაბრიელის სახელს ატარებს და იუბილეს აღნიშვნის ინიციატივაც ჩვენ გვეკუთვნის.
2025 წლის დასაწყისში, შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების ლოცვა-კურთხევით, ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადოდებლური სკოლის დირექტორის, დეკანოზ იოსების (ნაკაიძე) იდეითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაიწერა იუბილესთან დაკავშირებული წლიური გეგმა.
ჩანაფიქრმა სტარტი აიღო 7 თებერვალს, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების/ხსენების დღეს.
7 თებერვალი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ემოციებით დატვირთული დღე იყო. მეთერთმეტეკლასელებმა წარმოადგინეს მოხსენება ,,ჭეშმარიტი მოძღვარი“, გაიხსენეს შტრიხები მღვდელმთავრის ცხოვრებიდან, მისი გარდაცვალების დღე და წმიდა ილია მართლის ცნობილი გამოსათხოვარი სიტყვა.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ გაზაფხულზე ჩატარდა კლასგარეშე ღონისძიება მეექვსე კლასში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფურად მომზადებული პლაკატები. ყურადღება გამახვილდა გაბრიელ ეპისკოპოსის ოჯახსა და წარმომავლობაზე.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარდა შიდასასკოლო კონფერენცია ,,ორი დიდი ქართველი: წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და წმინდა ილია მართალი”, მე- 9 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ისტორიები ამ ორი წმინდანის შესახებ, მოამზადეს პრეზენტაცია. სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რაოდენ დიდია მათი დამსახურება ქვეყნის წინაშე _ წმინდა ილია მართალი, როგორც ქართველი ერის წინამძღოლი და რეფორმატორი; წმიდა გაბრიელ ეპისკოპისი _ ერის სულიერი მოძღვარი, ქართული ენის , ქართული გალობის, ახალგაზრდობის განათლების მხარდამჭერი და დამცველი.
ივნისში მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამოსცეს სკოლის პერიოდული ალმანახი ,,ა კიდო“, რომელიც მიეძღვნა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში მომზადდა კალიგრაფიის კონკურსი. შეთავაზებული იყო ფრაზები წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საგანძურიდან. გამოიფინა საუკეთესო ნამუშევრები.
ადგილობრივი მუნიციპალიოტეტის მიერ მიმდინარე წლის 100 %-იანი გრანტის მფლობელთა სკოლების დაჯილდოების შედეგად გადმოცემული თანხა მოხმარდა იუბილეს ფარგლებში სკოლის სამლოცველოში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას (დიზაინის ავტორი: ოზურგეთის წმ . გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ელენე სარიშვილი)
მასშტაბური ღონისძიების ერთ-ერთი მიმართულება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციაა, რომლის მასპინძელიც უშუალოდ ჩვენი _ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა იყო. კონფერენციის მთავარი თემები:
* ოჯახი და ტრადიცია;
* ადამიანის სულიერი ფასეულობების დეგრადაცია;
* ადამიანების შემეცნებითი უნარები და განვითარება.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საპატრიარქოს სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. მონაწილეთათვის მთავარი პირობა იყო _ შეთავაზებული თემები წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მრავალმხრივი მოღვაწეობის, ნაშრომების, ქადაგებების ჭრილში განეხილათ.მადლობას ვუხდით თორმეტივე სკოლის წარმომადგენლებს, რომელთაც მაღალი დონის მოხსენებები წარმოადგინეს. ამ კონფერენციამაც წარმოაჩინა არაჩვეულებრივი, მრავალწლიანი, ტრადიციული თანამშრომლობითი ურთიერთობა საპატრიარქოსთან არსებულ სკოლებს შორის. შემეცნებითი კონფერენციის კულმინაციად იქცა საინტერესო სტუმრების მოხსენებები, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აუდიტორიის წინაშე წარდგა წმინდა მღვდელმთავრის აფხაზეთში მოღვაწეობის თემითა და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილი საკუთარი წიგნის პრეზენტაციით; მკვლევარმა, მთარგმნელმა ვლადიმერ ჩხიკვაძემ დამსწრეთ დეტალურად გააცნო წმნინდა გაბრიელ ეპისკოპოსის რუსეთში მოღვაწეობა, წარმოადგინა მოძღვრის და მეცნიერის სინთეზი ამ უდიდეს პიროვნებაში. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი სიჭინავა, დედა ეკატერინე (ქადეიშვილი), წმინდა მღვდელმთავრის შესახებ წიგნის ავტორი და ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე, რომელიც ამავე დროს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის საზოგადოების დამფუძნებელიცაა.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის 200 წლის იუბილეს აღნიშვნა დაგვირგვინდა ოზურგეთის დრამატულ თეატრში ჩატარებული კონცერტით, რომელიც მომზადდა საინიციატივო ჯგუფის მიერ (ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა: დეკანოზი იოსები (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო გოგეშვილი, სასცენარო მიმართულება
: მაია ბეშიტაიშვილი, თეა ასიეშვილი; მარიამ დუმბაძე, მელის ნადირიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: ნატალია ხომერიკი, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი: კობა ბანძელაძე, რეჟისურა: ეკატერინე ჭელიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი; კობა დუნდუა, ფოტინე გორდელაძე). შეხვედრა მიჰყავდათ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მოსწავლეებს: ნიკოლოზ ჩავლეშვილს, ანასტასია ჯიშკიდონს, ვახტანგ ხურციძეს, ცისია გადრაფხაძეს.



